
ნათია ჯაგოდნიშვილი დაიბადა 1997 წლის 15 იანვარს, თბილისში, საქართველოში. დაამთავრა თბილისის N153 საჯარო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. ავტორი გახდა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2018 წლის გამარჯვებული, რის შედეგადაც დაიბეჭდა მისი სადებიუტო რომანი - "ცდუნება". წიგნის პრეზენტაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა და გამოცემისთანავე დაიკავა ადგილი "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის. მეორე წიგნი - "შეცდომა" გამოიცა 2022 წლის თებერვალში, მისი პრეზენტაცია კი ამავე წლის 19 აპრილს გაიმართა. "შეცდომა" ასევე აღმოჩნდა "ბიბლუსის" ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად წიგნს შორის და გამოცემიდან არასრულ ერთ წელში მოხვდა ონლაინ წიგნების პორტალი "საბა"-ს ტოპ 10 ყველაზე გაყიდვად და წაკითხვად წიგნთა შორის. მესამე წიგნი - "გადამწვარი ხიდები" გამოიცა 2023 წლის მაისში, პრეზენტაცია 19 მაისს გაიმართა. წიგნი წინამორბედებივით დიდი პოპულარობითა და გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. "გადამწვარი ხიდები" გახდა "ბიბლუსის" 2023 წლის ტოპ 10 ყველაზე გაყიდვადი წიგნიდან ერთ-ერთი და 2024 წელს დაიბეჭდა მისი ლიმიტირებული გამოცემა, განახლებული ყდით და შესაბამისი აქსესუარებით. ლიმიტირებულ გამოცემაში მკითხველი ნაცნობ ისტორიასთან ერთად დამატებით, "ბონუს ეპიზოდს" გაეცნობა.