წინამდებარე წიგნის მიზანია, ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიის "პერსპექტიულობა" აჩვენოს. გარდა იმისა, რომ თვით ნიცშეს ფილოსოფიაში "პერსპექტივა" და "პერსპექტივიზმი" მთავარი, საკვანძო კონცეპტებია, მისი შემოქმედების საუკუნოვანი ინტერპრეტაციის ისტორიაც საოცრად პერსპექტიული აღმოჩნდა. გერმანელი ფილოსოფოსის მოძღვრებამ მისი გარდაცვალების შემდეგ განიცადა განსაკუთრებული აღმავლობა და მრავალი ნაყოფიერი, ორიგინალური და საინტერესო დავისა თუ კამათის საგანი გახდა. ეს იმის დასტურია, რომ თვით ნიცშეს შემოქმედება იძლევა სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთისაგან პოლარულად დაპირისპირებული გაგებისა და განმარტების საშუალებას.