
გრიგოლ რობაქიძის რომანი „მცველნი გრალისა“ 1937 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის – „გრაალის მცველნი“ – სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა. „მცველნი გრალისა“ მოდერნისტური მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს, მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებითაა სავსე და ჭეშმარიტად ნიცშეანური პათოსითა და სიტყვაკაზმულობით გადმოსცემს უმნიშვნელოვანეს სათქმელს. წინამდებარე გამოცემა საშუალებას აძლევს მკითხველს, პირველად გაეცნოს რომანის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე. მასში შენარჩუნებულია ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით.
Authors

გრიგოლ ტიტეს ძე რობაქიძე (English: Grigol Robakidze)– ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაიბადა სვირში, იმერეთში, მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი (გერმანია). 1908 წელს დაბრუნდა გერმანიიდან და ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918–1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი. იმავე წელს მისი უშუალო მონაწილეობით დაფუძნდა ქართული ლეგაცია სტამბულში. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი: 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან – შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. რობაქიძე გახლდათ, აგრეთვე, ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა "გველის პერანგი", "დემონი და მითოსი", "ჩაკლული სული", "გრაალის მცველნი", "მეგი - ქართველი ასული" და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენჯერმე გამოცემულმა მისმა კრებულმა "კავკასიური ნოველები". რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ. მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს ქალაქ ჟენევაში გარდაიცვალა. იქვეა დაკრაძალული. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების, ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით, საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. გრიგოლ რობაქიძის ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა. "ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს" – გრიგოლ რობაქიძე.
