
რომანის მთავარი გმირის, ოთარ ყიფიანის, ხასიათს მწერალი ხსნის ყოფითი დეტალების, ადამიანებთან ურთიერთობების, ოჯახური კონფლიქტების საშუალებით. ოთარ ყიფიანი თავისი ზნეობრივი მრწამსით უპირისპირდება ყოველგვარ დრომოჭმულსა და მანკიერს. ის, როგორც მოქალაქე, საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების დამკვიდრებას ცდილობს, რის გამოც მრავალ წინააღმდეგობას აწყდება, ზოგჯერ მარცხდება, ხშირად მარტოობის სევდაც იპყრობს, მაგრამ მოყვასისადმი რწმენა იმდენად მტკიცეა მასში, რომ ყველაზე მწვავე ვითარებაშიც კი პოულობს გამოსავალს. მოთხრობაში “გარდამოხსნა” დასმულია საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი.