თარგმანზე მუშაობა დაიწყო 1997 წელს და თითქმის თორმეტ წელიწადს გაგრძელდა. მთარგმნელი ხანგრძლივად ცხოვრობდა იაპონიაში, რამაც საშუალება მისცა, თვითგანმცდელის პოზიციიდან ეთარგმნა იაპონური პოეზია. უცხო რეალობასთან და კულტურასთან უშუალო კონტაქტის პირობებში თარგმანის პროცესი გაცილებით ბუნებრივი და ძალდაუტანებელია. მთარგმნელის განწყობა და თარგმანის სირთულეები დეტალურად არის ჩამოყალიბებული წინათქმაში. თავისთავად, ამგვარი დაკვირვებები მთარგმნელისა მნიშვნელოვანია დაინტერესებული მკითხველისთვის. ძალზე ღირებულია კომენტარები, რომლებიც ერთვის თითოეულ ლექსს და საშულებას იძლევა, კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდეთ ორიგინალურ აზრს. წიგნს კვალიფიციური რეცენზირება გაუწია ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ერთ-ერთმა ბრწყინვალე ქართველოლოგმა იასუჰირო კოჯიმამ, რომელმაც წარადგინა კიდევაც იგი იაპონიის კულტურის სამინისტროსა და საქართველოში იაპონიის საელჩოს წინაშე. მკითხველების ინტერესიდან გამომდინარე, გამომცემლობა "სიესტამ" უკვე მესამე ტირაჟით დაბეჭდა თარგმანი. ვფიქრობთ, ეს წიგნი საყურადღებო და იშვიათი მოვლენაა ქართულ კულტურაში.