
გიორგი IV ლაშას მეფობის ხანმოკლე, მაგრამ მნიშვნელოვანი პერიოდი დიდხანს იყო სათანადო ყურადღებას მოკლებული. ამას, თითქოს, უიღბლო ეპოქაც უწყობდა ხელს. ორ რადიკალურად განსხვავებულ პერიოდს შუა მოქცეული მეფე ისტორიამ თითქოს ვერც ერთს ვერ მიაკუთვნა. თამარის დიდებულმა სახელმა ხალხის ხსოვნაში დაჩრდილა მეფე, რომლის დროსაც საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებმა ყველაზე შორს გადაიწია. ლაშას დაბადება მხსნელის დაბადებად გაიაზრა ოფიციალურმა სახელმწიფო იდეოლოგიამ. ლაშა „მესიის მახვილია“. მას ფრესკებზე, სხვა ქართველ მეფეთაგან განსხვავებით, ხმლით გამოსახავენ, რაც მიუთითებს საქრისტიანოს წინაშე მის ვალდებულებაზე. ქართული ფოლკლორიც არ ტოვებს ლაშას დაბადებას უყურადღებოდ და სხვადასხვა ვერსიით აღწერს და განავრცობს ლაშას სასწაულებრივად ჩასახვისა და გაზრდის მოტივებს (თამარი მზის სხივით დაორსულდა... ლაშას ირემი აწოვებდა ძუძუს, და ამიტომაც მას მერე ბაგრატიონები ირმის ხორცს აღარ ჭამდნენ...