
„სულ ბოლოს, ოფისში ჯდომა და გაზონის კრეჭა კი არ გაგახსენდება. ჰოდა, აძვერი მაგ წყეულ მთაზე!“ – ეს სიტყვები დიდ ამერიკელ მწერალს, ჯეკ კერუაკს ეკუთვნის. წიგნში სწორედ მსგავსი იდეით შეპყრობილ ადამიანებზე – ალპინისტებზე გიამბობთ, რომლებმაც დაუნდობელ მწვერვალებთან შეხვედრა ცხოვრების წესად აქციეს და უმაღლეს წერტილამდე ასვლის სიხარულთან ერთად ხშირად სიკვდილიც მთებში იგემეს. ეს გამოცემა გვიყვება თავად ამ მწვერვალებზეც – დაპყრობილებსა თუ დაუპყრობლებზე. ალპინიზმის განვითარების ისტორია 1786 წლიდან იწყება. შევეცადეთ, ამ ექსტრემალური სპორტის სახეობის გზას დასაბამიდან დღემდე გავყოლოდით და 100 ამბავში თავი მოგვეყარა მწვერვალებთან შეხვედრის დაუოკებელ სურვილსა და სიკვდილ-სიცოცხლის თამაშებზე, სადაც ხშირად მთის სიმკაცრე, უფრო ხშირად კი მასზე შეყვარებული ადამიანები იმარჯვებენ.