
ქართველი მწერალი დავით (დათო) ტურაშვილი (English: Dato Turashvili) დაიბადა 1966 წლის 10 მაისს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ქ. თბილისის 57-ე საშუალო სკოლაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას – ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში. მონაწილეობდა 80-ანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში. იყო 1989 წელს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ავტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "ჯინსების თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული "კატმანდუ" (1998 წ.) და "ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993 წ.), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მოთხრობათა პირველი კრებული, "მერანი", გამოიცა 1991 წელს. გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დ. ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2003 – წლის საუკეთესო პიესა – "ორი კუნძული შავ ზღვაში" 2008 – წლის საუკეთესო პიესა – "შავი კეტები" ბიბლიოგრაფია: კატმანდუ (1998 წ.) იყო და არა იყო რა (1998 წ.) ჩემი ირლანდიელი პაპა (1999 წ.) ტიბეტი არ არის შორს (2001 წ.) ჩაძირული ქალაქის ღამე (2002 წ.) გურჯი ხათუნი (2003 წ.) შავი კეტები (2007 წ.) ჯინსების თაობა (2008 წ.) მეცამეტე (2009 წ.) ამერიკული ზღაპრები (2010 წ.) მე რომ ფეხბურთელი ვიყო (2011 წ.) დოდოს მოლოდინში (2012 წ.) ტყეების მეფე (2013 წ.) სხვა ამსტერდამი (2015 წ.)